ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომდევნო ორი კვირა საკონდიტრო დონას კლასტერის კონტაქტების მოძიებით კუთხით, კრიტიკული იქნება.
როგორც გაბუნიამ თქვა, კორონავირუსის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის გამო, ამ კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების სრულად შესწავლა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
"ბათუმის კლასტერი იმდენად გაფართოვდა დონას კლასტერთან მიმართებაში, 40-მდეა შემთხვევების რაოდენობა, მათ კიდევ თავიანთი კონტაქტები ეყოლებოდათ. ყველას კონტაქტის ასე მოკლე პერიოდში მოძებნა და შესწავლა ბუნებრივია, ვერ მოხერხდა.
ჩვენ კიდევ გვაქვს ორი კვირა იმისთვის, რომ დაველოდოთ ამ კონტაქტირებულ პირებთან ინფიცირებულების გამოვლენას. ამდენად, მომდევნო ორი კვირის პერიოდი იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ სრულად მოხერხდეს დონას კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევების გამოვლენა. ნებისმიერი სხვა შემთხვევაც, სავარაუდოდ, უკავშირდება უკვე მეორად კონტაქტირებულ პირებს, ამდენად ამას ეტაპობრივად მივყვებით". - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 310 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი - გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 30-ზე მეტი შემთხვევა ბათუმში მდებარე საკონდიტრო დონას უკავშირდება.